დახურვა
გაზიარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია
შუა საუკუნეების ქალაქ დმანისის მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და კონფესიური სტრუქტურის საკითხები (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა)
ჯიმშერ ჩხვიმიანი_2020აბსტრაქტი
აბსტრაქტი აღებულია ნაშრომის PDF ფაილიდან (გვ. 3); წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია.ნაშრომში შესწავლილია შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრის, ქალაქ დმანისის მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და კონფესიური შემადგენლობის ფორმირებისა და ეტაპობრივი ცვალებადობის მიზეზშედეგობრიობა, ამ ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების ფონზე. დმანისის ნაქალაქარი საქალაქო ცხოვრების დეტალების პოტენციურად სრულყოფილი არქეოლოგიური სურათის წარმოსაჩენად, ერთგვარ „ბედნიერ გამონაკლისს“ წარმოადგენს, ვინაიდან მის ტერიტორიას შემდგომში ურბანული რეოკუპაცია აღარ განუცდია. XX საუკუნის 30-იან წლებში ძეგლზე წამოწყებული არქეოლოგიური სამუშაოები აქ, გარკვეული ინტერვალებით, დღემდე გრძელდება. დმანისის შუა საუკუნეების საქალაქო წეს-წყობის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო პრობლემების გადაჭრა რამდენადმე ფერხდებოდა იმ ობიექტური მიზეზებით, რომ წლების განმავლობაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის და საველე დოკუმენტაციის მზარდ მოცულობას, მათი სრულყოფილი სამეცნიერო დამუშავება, ანალიზი და პუბლიკაცია, დროში მხარს ვერ უბამდა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საბჭოთა და, ნაწილობრივ პოსტსაბჭოთა საისტორიო მეცნიერებაშიც, ზოგიერთი ისტორიული მხარის თავდაპირველი მოსახლეობის ეთნიკური და კონფესიური შემადგენლობის საკითხების საჯაროდ განხილვა, განსაზღვრული მოსაზრებებით, უხერხულ თემად ითვლებოდა. დისერტანტის მიერ, აღნიშნულ საკითხთა კვლევის ფარგლებში, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილია სხვადასხვა დროს მოპოვებული, მაგრამ ფართო სამეცნიერო წრეებისათვის დღემდე ნაკლებად ცნობილი, რიგ შემთხვევებში კი უშუალოდ მის მიერ, საველე სამუშაობით მოპოვებული ახალი არქეოლოგიური მონაცემები (ამონარიდები დაარქივებული საველე დოკუმენტაციიდან, ეპიტაფიებიანი საფლავის ქვები, კერამიკული ნაკეთობები, ლითონის, მინის ნაწარმი და ა.შ.).
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია აქ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპოზიტორია. ნაშრომის გახსნა